3 მაისს, ქალაქ ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბ „ერუდიტის“ თაოსნობით მოეწყო ეკოტური მაჭახელას ხეობაში. მარშრუტი საშუალო სირთულის იყო და შეთანხმებული იყო მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტებთან. მონაწილეებს მთელი გზის განმავლობაში თან ახლდნენ რეინჯერები. ტური დაიწყო მაჭახელას თოფის ქანდაკებასთან, სადაც ეკოკლუბელებმა მდინარის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია ჩაატარეს.
მაჭახელას ეროვნული პარკი თავისი უნიკალური დაცული ლანდშაფტითა და გამორჩეული ჩანჩქერებით ხელვაჩაურის ბუნებრივი სილამაზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მოსწავლეებმა გაიარეს საფეხმავლო მარშრუტი მირვეთის ხიდიდან ულამაზეს მირვეთის ჩანჩქერამდე და მოინახულეს მირვეთის თაღოვანი ხიდი. შემდეგ გზა განაგრძეს და ეწვივნენ მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს, შემდეგ კი ცხემლარის თაღოვან ხიდს. აქედან მონაწილეებმა ჩხუტუნეთისკენ აიღეს გეზი.
ტურის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო მაჭახელას თოფის სამჭედლო — ისტორიული მნიშვნელობის ადგილი, რომელიც ხეობის უნიკალურ წარსულს ასახავს. აქ მე-18 საუკუნიდან ამზადებდნენ კაჟ-ჩახმახიან თოფებს, დამბაჩებსა და ხმალ-ხანჯლებს. „თოფის გზა“ სწორედ იმ სოფლამდე მიგვიყვანს, სადაც დღესაც ცხოვრობენ სახელგანთქმული თოფის ოსტატების შთამომავლები. ტურის მონაწილეებმა ახლოს გაიცნეს ბატონი ზაზა — თოფის ოსტატთა მემკვიდრე, რომელმაც მოსწავლეებს ჯაჭვის პერანგი მოარგო, ტყვიის ჩამოსხმის დემონსტრირება ჩაატარა და თავისი ხელით შექმნილი ეთნოგრაფიული კუთხე გააცნო.
ტურის ფარგლებში სტუმრობა შედგა მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც განთავსებულია 200 წლის წინ აგებულ ხის სამსართულიან მეჩეთში. მუზეუმში წარმოდგენილია მაჭახელელთა ცხოვრების ამსახველი უძველესი საოჯახო ნივთები, ქალის სამზითვო სკივრები, თოფის უკანასკნელი ოსტატის ხელსაწყოები და დაზგა. ყველა ექსპონატი ადგილობრივი ოჯახებიდან არის შეკრებილი და ხეობის ნამდვილ ისტორიას აცოცხლებს. მეჩეთის შენობა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა — ორსაუკუნოვანი მოხატულობა დღემდე არ საჭიროებს რესტავრაციას. ფერადი ორნამენტები მზის შუქზე კვლავაც ისე ხასხასებს, თითქოს ლაზმა ოსტატებმა ეს-ესაა მოხატეს.
ტურის ბოლო მონაკვეთი იყო ზედა ჩხუტუნეთი — მაჭახელას ხეობის საზღვრისპირა სოფელი, სადაც მთავრდება საქართველო და იწყება თურქეთი.
„ჩხუტუნეთში გასაყიდ მიწას ვერ ნახავთ — გამორიცხულია, აქ ვინმე უცხო დასახლდეს. ყველა უვლის და უფრთხილდება თავისი წინაპრების კარ-მიდამოს. შეიძლება ზოგი ქალაქში იყოს გადასახლებული, მაგრამ მიწას აქ არავინ გაყიდის,“ — ამბობენ ჩხუტუნეთელები.
სოფელში მოედინება ულამაზესი დუნგას ჩანჩქერი, რომელიც ტურის ერთ-ერთ დაუვიწყარ ხედად დარჩა.