სოფელ ქვიშხეთის სკოლაში მეორადი ნივთებით ქარის მინი ტურბინა გააკეთეს (ვიდეო)

დღევანდელ მსოფლიოში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების არარაციონალური და უკონტროლო გამოყენება. აღდგენად თუ აღუდგენელ რესურსებს ამოწურვის საფრთხე ემუქრება. მეცნიერები ამ საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა გზას გვთავაზობენ, ერთ გზად სწორედ ბუნებრივი გზით ელექტროენერგიის გამომუშავება განიხილება. ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდა. მისი დადებითი მხარეა ის რომ, არის ენერგიის განახლებადი წყარო, არ აბინძურებს გარემოს სათბური აირებით და იაფია. სსიპ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სწორედ ბუნებრივი გზით ელექტრო ენერგიის გამომუშავება დაისახა მიზნად და გადაწყვიტა და მინი ელექტროსადგური შეექმნა.

პროექტი 1-5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა, მასალად გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ნივთების ნარჩენი, რომელიც საჭიროებისამებრ იქნა შეგროვილი. კერძოდ მუყაოს ყუთი, სამედიცინო ჩხირები, დაზიანებული სათამაშოს ძრავი და პროპელერი, ასევე დაზიანებული ფარნის 6ვტ.-იანი ნათურა. მუყაოსგან აწყობილ სახლში დაამაგრეს ნათურა, სადენებით ძრავთან დააკავშირეს, რომელზეც პროპელერი დაამაგრეს. თმის ფენის საშულებით ქარის მსგავსი ენერგია წარმოქმნეს, რომელმაც პროპელერი დაატრიალა და ოთახში სინათლეც აინთო.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებმა საკუთარი ხელებით შექმნილი ელექტროსადგურით ელექტროენერგია გამოიმუშავეს. პროექტის მიზანი სწორედ, ნარჩენების მეორადი გამოყენებით ელექტროსადგურის აწყობა და ბუნებრივად ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობის წარმოჩენა იყო.