ტყის ახალი კოდექსის გამოწვევები და რეგულაციები

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკარნახევი ახალი კანონი უკანონო ჭრას მნიშვნელოვნად შეამცირებს 2016 წელს საქართველოში სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. კანონმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და კორუფციული საქმიანობის პრაქტიკა უნდა აღმოფხვრას იმ ფონზე, როცა გარემოსდაცვითი კანონდარღვევების სრული მონაცემებიდან დაახლოებით 41% ხე-ტყის უკანონო ჭრაზე მოდის. ახალმა კანონმა1999 წელს მიღებული ტყის კოდექსი უნდა ჩაანაცვლოსდა ტყის რესურსის ეკონომიკაში ჩართვასთან ერთად, მისი სოციალური და გარემოსდაცვითი ფუნქციების შესრულებაც უნდა უზრუნველყოს. საქართველოში ტყე ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს მოიცავს. ტყის 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა და თითქმის მთლიანად (97.7%) მთის ფერდობებზეა. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს საქართველოში ტყის მოცულობა 2.3%-ით შემცირდა და ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს, 2,66 მილიონ ჰექტარს მოიცავდა. (2000, 2005, 2010, 2011 წლებში ტყეზე მოდიოდა ქვეყნის საერთო ტერიტორიის 39.9%). 2013 წელს ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის მოცულობა 702 137მ3 იყო, უკანონო ჭრით მიღებული მოცულობა კი - 5 2833. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ტყის უკანონო ჭრის მონაცემები გაცილებით მცირეა სხვადასხვა წლებში დაფიქსირებულ მოცულობებზე - 2001წ. - 43 287 მ3, 2005წ. - 62 764 მ3, 2008წ. - 21 331 მ3, 2009წ. - 30 684 მ3, 2010წ. - 32 936 მ3, 2011წ. - 7 060 მ3, 2012წ. - 6 104 მ3. 2012 წელს ექსპორტზე 15.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაუმუშავებელი ხე-ტყე გავიდა, საერთო მოცულობით - 75 მ3. ამავე წელს, დაუმუშავებელი ხე-ტყის იმპორტის საერთო ღირებულება - 5 364.1 ათას აშშ დოლარს შეადგენდა (33 771 მ3), 2013 წელს კი - 2 207.3 ათას აშშ დოლარს. ტყის ახალი კოდექსის შექმნის ვალდებულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. დოკუმენტის მომზადებაზე პასუხისმგებელი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, პროექტს კი მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის ENPI-FLEG-II პროექტი და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) აფინანსებს. (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაფინანსებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უზრუნველყოფს). ტყის ახალი კოდექსი და მთელი საკანონმდებლო ბაზა უნდა დაეფუძნოს 2013 წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას, რომელმაც ქვეყნის სატყეო დარგის განვითარების ძირითადი მიმართულება განსაზღვრა. სატყეო პოლიტიკის სამსხურში განმარტავენ, რომ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ტყის მდგრადი მართვის დაწყებას ავალდებულებს. ამასთანავე, დაბალანსებული უნდა იყოს ტყის მდგრადი მართვის სამივე პრინციპი: ეკოლოგიური - არ უნდა მოიჭრას იმაზე მეტი, ვიდრე ბუნებრივი შემატება გვაქვს, ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული; ეკონომიკური - პრიორიტეტული იქნება საქართველოში მოპოვებული მერქნის ადგილზე გადამუშავებისა და საბოლოო პროდუქტის შექმნის მიმართულება, რამაც უნდა წაახალისოს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილი მოსახლეობისთვის და დადებითად აისახოს ადგილობრივ წარმოებაზე; სოციალური - სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების, დასაქმების პროცესში; ასევე, აქტიურად მონაწილეობდეს სატყეო მეურნეობის საქმიანობაში. სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს, რომელთგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური სოციალური ჭრის (ხეების მოჭრა არაკომერციულ მიზნით - „სოციალური ჭრა“ ტყის კოდექსში 2011 წლის 17 მაისის ცვლილებებით შევიდა) გაუქმებაა. როგორც სატყეო პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, სატყეო დარგში საქართველო 200-300 წლით ჩამორჩება ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ მართვის პრინციპებს, ახალ კოდექსს კი, საქართველოს სატყეო მეურნეობა ევროპულ მიდგომებზე გადაჰყავს. ასევე, ახალ კოდექსს შემოაქვს ტყის აბსოლუტურად განსხვავებული, სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის დეფინიციასთან მიახლოებული განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ტყე გეოგრაფიული და ბიოლოგიური მაჩვენებლებით განისაზღვრება. კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ახალი აკრძალვები და რეგულაციები ამოქმედდება, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „სოციალური ჭრის“ გაუქმება იქნება: „ახალი კოდექსი აღარ ცნობს სოციალურ ჭრას. დღეისათვის არსებობს სოციალური ჭრა, რომლითაც სახელმწიფო მოსახლეობას საშეშე და სამასალე მერქნით ამარაგებს. არსებული ფორმა არ ეხმიანება ტყის მდგრადი მართვის პრინციპს და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ამ ფორმით შენარჩუნება არ შეიძლება. ხშირად სოციალური ჭრის მიღმა გაურკვეველი ინტერესები იკვეთება, რაც აუცილებლად შესაცვლელია. ამისათვისაა საჭირო სატყეო მეურნეობის აღდგენა, რაც თითოეულ მოქალაქეს რესურსების მოხმარებისა და შეძენის თანასწორ პირობებს შეუქმნის“, - აცხადებს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი. როგორც სატყეო პოლიტიკის სამსახურში განმარტავენ, სოციალური ჭრა პრაქტიკაში შემდეგნაირად ხორციელდება: მუნიციპალიტეტი მათ კომლთა სიებს უგზავნის. თითოეულ მოქალაქეს 7მ3 მერქნის მიღების საშუალება აქვს (2013 წლიდან ეს მონაცემი მაღალმთიანი რეგიონების მკვიდრთათვის 7-დან 15 მ3-მდე გაიზარდა). მოქალაქე მიდის ბანკში, იხდის გადასახადს - 6 ლარი - 1მ3-ზე, აძლევენ შესაბამის ქვითარს და უახლოეს ტერიტორიაზე განთავსებულ ტყეკაფში (ტერიტორია, სადაც სოციალური სარგებლობისთვის გამოყოფილი ხეებია მონიშნული) იღებს მისთვის საჭირო მერქანს. სატყეო სამსახურის თანამშრომელი უმზადებს სპეციალურ საბუთს, სადაც აღნიშნულია, რომ მერქანი ლეგალურადაა მოპოვებული და მფლობელს მისი ტრანპორტირებისა და გამოყენების უფლება აქვს. კარლო ამირგულაშვილის თქმით, 1999 წელს დამტკიცებული ტყის კოდექსი იმდენად გაუმართავი და დამაბნეველია, რომ კანონმდებლობა ტყის სფეროში წლების განმავლობაში გარკვეულ ჩრდილოვან ინტერესებს ერგებოდა. კოდექსმა თავისი ფუნქცია დაკარგა და ის ძირითადი ტვირთი, რაც კანონს უნდა ჰქონოდა, მთავრობის დადგენილებებმა შეითავსა. ტყის ახალი კოდექსის მომზადების პროცესში სამინისტრომ დაიწუნა მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული ტყის ახალი კოდექსის პროექტი იმ მიზეზით, რომ ის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სატყეო პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ეგიდით, მოწვეული იყო მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის ექსპერტი, იტალიელი მარია ტერეზა ჩირელი. თევზისა და სამონადირეო მეურნეობებში, ასევე, გარკვეულწილად, სატყეო მიმართულებითაც მას საკანონმდებლო აქტების მომზადების გამოცდილება აქვს, თუმცა კანონპროექტი, რომელიც ამ ექსპერტმა მოამზადა, მთლიანად არ ეხმიანებოდა იმ გამოწვევებსა და დავალებებს, რაც სამინისტროს მისთვის ჰქონდა მიცემული. „სამუშაო პროცესი ძალიან რთული გამოდგა; მას უნდა შეესწავლა ქართული კანონმდებლობა, რამაც რამდენიმე თვე წაიღო - საქართველოს სატყეო სექტორში მოქმედი ყველა საკანონმდებლო აქტის თარგმნა გახდა საჭირო. შემდეგ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ ქალბატონმა სატყეო დარგში მომუშავე არაერთი ექსპერტის აზრი მოისმინა და მათი კომენტარებიც ასახა; მაგრამ, ძალიან რთული იყო, რომ ტყის ახალი კოდექსის შემუშავების პროცეში მას საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობა გაეთვალისწინებინა. აქ არ დგას მისი კვალიფიკაციის საკითხი, უბრალოდ რთულია, როდესაც შენს ეროვნულ კანონზე მუშაობა უცხოელ ექსპერტს უწევს. ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც უცხოელი სპეციალისტი ქართველი ექსპერტებით ჩავანაცვლეთ“, - განმარტავს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი. დღეისათვის ტყის ახალი კოდექსის შექმნაზე ორი ქართველი ექსპერტი - იურისტი და მეტყევე სპეციალისტი მუშაობს, ხოლო სამინისტროში შექმნილია ტყის კოდექსის მაკოორდინირებელი კომისია, რათა ამოცანის შესრულება DCFTA-ით განსაზღვრულ ვადებში მოესწროს - კანონი 2016 წელს უნდა შევიდეს ძალაში. „ახალმა კოდექსმა, საკანონმდებლო აქტებმა და ზოგადად რეფორმამ იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ შემცირდეს უკანონო სარგებლობა, მოსახლეობას ლეგალურად მიუწვდებოდეს ხელი ე.წ. პირველი ხარისხის მერქანზე. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანებს აღარ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო საკუთრებაში უხეშად ჩარევის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ დღეს გაცილებით მეტი ხე იჭრება, ვიდრე შეიძლება რომ იჭრებოდეს. ტყის თითოეულ მცველს ზოგიერთ შემთხვევაში 5-10 ათასი ჰექტარი ტყე აბარია დასაცავად, რაც მოვალეობის ეფექტურად შესრულებას შეუძლებელს ხდის. საგანგაშოა ის ტენდენცია, რომ გარემოს დაცვითი კანონდარღვევების სრული მონაცემებიდან, დაახლოებით 41% ხე-ტყის უკანონო ჭრაზე მოდის“, - ამბობს კარლო ამირგულაშვილი. სოციალური ჭრის გაუქმებასთან დაკავშირებით,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) აცხადებენ, რომ საქართველოს ტყეების მთავარი ფუნქცია შეშის წარმოება გახდა, რის გამოც დიდი ეკონომიკური რესურსი ღუმელში იწვება; წლებია ამ კუთხით პრობლემები არსებობს, პრობლემები იქნება წელსაც, თუმცა მომავალი წლისთვის ის უნდა დარეგულირდეს. ასევე, კარგია, რომ ერთი მხრივ იარსებებს ახალი ჩარჩო კანონი, რომელიც სამართლებრივ მხარეს მოაწესრიგებს, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფომ უკვე უნდა დაიწყოს მზადება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამისთვის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღეს შეშის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დარღვეულია. წინასწარი მონაცემებით, შეშაზე მოთხოვნა რამდენჯერმე აღემატება მიწოდებას. მაგალითად, თუ ყოველწლიურად ოფიციალურად 500-700 ათას მ3 საშეშე მერქანი გამოიყოფა, არაოფიციალურად 2 მილიონ მ3-ზე მეტის მოპოვება ხდება. ზოგიერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, მოხმარება 5 მილიონ მ3-საც აღწევს. ეს მონაცემი ცოტათი საეჭვოა, მაგრამ მაინც თუ დავუჯერებთ, გამოდის, განსაზღვრულზე 10-ჯერ მეტი მოცულობის ტყე უკანონოდ იჭრება. ეს ძლიან დიდი ზეწოლაა ტყეებზე და თუ ამ კუთხით არსებული პრობლემები არ მოგვარდა, სხვა მიმართულებით ტყეების განვითარება შეუძლებელია. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარია დიდ ეკონომიკურ რესურსზე, საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე, რომელსაც ამ ეტაპზე არანაირი ფინანსური შემოსავალი და ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს. მისი თქმით, ეს რესურსი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოსახლეობა გათბეს, არადა ეკონომიკაში ჩართვასთან ერთად, გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ ფუნქციებს უნდა ასრულებდეს. „ეს არის უზარმაზარი ტვირთი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსგან ერგო მემკვიდრეობით. საკმაოდ სერიოზული დეფიციტი გაჩნდა და გვინდა თუ არა, ამ დეფიციტის აღმოფხვრა უნდა დავიწყოთ, რადგან ხვალ ამ შეშას ვეღარ მოვიპოვებთ. დღეს ვჭრით ბოლო ხეებს, სადღაც თუ არის დარჩენილი, ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე, შემდეგ იქ ვითარდება ბუნებრივი კატასტროფები და სახელმწიფოს ადგება უზარმაზარი ზიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომ მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს, რადგან არაერთი სერიოზული წინააღმდეგობის დაძლევა იქნება საჭირო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს რევაზ გეთიაშვილი. მისივე თქმით, ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარში მოსახლეობა შეშის, ან ალტერნატიული რესურსის გარეშე უნდა დარჩეს და 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სახელმწიფოს უკვე ექნება მოსათბობი რესურსით უზრუნველყოფის პროგრამა; ეს ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საგზაო რუკაზეცაა გაწერილი და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. სატყეო პოლიტიკის სამსახურში ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებზეც საუბრობენ: პოლიტიკის ზედამხედველობისა და მართვის დაყოფილი ფუნქციები - მართვის ორგანოები მხოლოდ მართვაზე იქნებიან პასუხისმგებელი: ტყის მოვლაზე, აღდგენაზე, მენეჯმენტზე და ამ მენეჯმენტის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებაზე. მმართველობის ახალი ფორმა - მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად მოუწევთ სხვადასხვა მოცულობის ტყის მართვა ახალი კოდექსით დადგენილი - ტყით სარგებლობის ერთიანი წესით. ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტები დღეს უკვე მართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებს, თუმცა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის დეფინიციის ზუსტი განსაზღვრა და მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა არ მომხდარა. ახალი კოდექსით უნდა განისაზღვროს, რა ვადებში და რა სარგებლობით უნდა გადაეცეთ ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე მუნიციპალიტეტებს. ახალი კოდექსით გათვალისწინებული იქნება, რომ ტყით სარგებლობის ერთიანი წესით ტყეები მართვის ორგანოებმა მართონ და არა ლიცენზიის მფლობელებმა, რადგან ლიცენზიებმა საკმაოდ ცუდი შედეგები მოიტანა. ტყით სარგებლობის ერთიანი წესი საერთო იქნება ყველასათვის - სახელმწიფოსთვის, კერძო მესაკუთრისთვის, სხვა ინსტიტუციებისთვის და ა.შ. ანუ ეს იქნება ამ კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა. ტყის ფართობებზე, განურჩევლად მესაკუთრისა, იმუშავებენ მხოლოდ პროფესიონალები - მოსაჭრელი მერქნის გამოყოფაზე, მოჭრის, მოთრევისა და დასაწყობების პროცესზე პასუხისმგებელი მეტყევე სპეციალისტი და მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მუშები იქნებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ტყის სიჯანსაღეზე, განსაკუთრებით კი ისეთი ტყის, როგორიც საქართველოშია ( ტყეების 98% მთის ტყეა), პირდაპირ არის დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობა, საუბარია ზვავებზე, მეწყერებზე, წყალმოვარდნებზე, ქარსა და ეროზიაზე. ამიტომაც, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ტყეში პროფესიონალი მუშაობდეს (ამ მიმართულებით პროფესიული გადამზადების პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება). ტყის საკუთრების არსებითად განსხვავებული ფორმები - ტყის მფლობელი შეიძლება კერძო მესაკუთრეც გახდეს; მაგალითად, ასეთი პირები შესაძლოა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც, ვთქვათ, რაჭაში, მიატოვეს საკარმიდამო ნაკვეთები და წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებული ფართობები გატყევდა. მეტი ადამიანის დასაქმება - იმ პირებს, ვინც დღეს ბაზარზე არალეგალურად მოქმედებენ, შეეძლებათ ოფიციალურად დასაქმდნენ ამ სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, იმიტომ, რომ ძირითდად, მოსახლეობის ეს ნაწილია როგორც ბრაკონიერი, ასევე ლეგალური მუშა-ხელი. ამჟამად თითოეულ სოფელში 5-დან 10 კაცამდე ხე-ტყის დამზადების სფეროშია დასაქმებული. ამ პროცესში ადგილობრივები როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად მუშაობენ. სატყეო მეურნეობის აღდგენის შემდეგ ავტომატურად მოხდება ხეების მონიშვნა, დამზადება, დახარისხება და იმ ადგილობრივ მოსახლეს, რომელიც პროცესებში დღეს არალეგალურადაა ჩართული, ლეგალურად მუშაობის საშუალება ექნება. დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, განათლების სამინისტროსთან კი პროფესიული განათლების მოდულების შექმნასა და ამ მიმართულებით პროფესიული სწავლების მომავალი წლიდან დაწყებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კარლო ამირგულაშვილის თქმით, ტყის ახალი კოდექსი ყველა რაიონის დონეზე სატყეო მეურნეობის აღდგენას, „საქმიანი ეზოების“ არსებობას გულისხმობს - მოსახლეობას აღარ ექნება საჭიროება ლიცენზიის მფლობელისგან ძვირად შეიძინოს მასალა, ან შავ ბაზარზე იყიდოს მერქანი, რომელიც ან იმპორტულია, ან საქართველოში არალეგალურადაა მოჭრილი: „არ მგონია, რომ ცვლილებები ფასს საგრძნობლად აწევს, ან შეამცირებს. სოციალური ჭრის ფენომენის გაუქმების შედეგადმოქალაქეს აღარ ექნება 7 და 15მ3 მოცულობის შეზღუდვა. „საქმიან ეზოში“ მისვლისას მას ადგილზე დახვდება როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი და შეეძლება სასურველი რაოდენობის პროდუქტის შეძენა“, - ამბობს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი. სატყეო მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აღნიშნავენ, რომ 1999 წელს, ტყის კოდექსის შემუშავებისა და მიღების პროცესში არც საზოგადოება იყო ჩართული და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხედვა გაუთვალისწინებიათ. ამ პერიოდში, რომელ სახელმწიფო უწყებასაც უფრო ძლიერი „ზურგი“ ჰქონდა, ის იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას მოჰყვა, 2002 წელს დამატებითი ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის შემოღება, რამაც კორუციული სქემების შედგენა უფრო გაამარტივა.2004-დან 2012 წლამდე სატყეო კანონმდებლობა მუდმივად იცვლებოდა, თუმცა არა უკეთესობისკენ. არც 1999 წელს და არც 2013 წლამდე არ ჩანდა სახელმწიფოს ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სატყეო პოლიტიკა. პოლიტიკას განსაზღვრავდა ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ მომენტში ამა თუ იმ თანამდებობას იკავებდა და გადაწყვეტილებებსაც საკუთარი სურვილის მიხედვით იღებდა. „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ 2007 წელს დაიწყო რეფორმა, რომლის იდეაც რაც შეიძლება მეტი მოცულობის ტყის კერძო მართვაში გაცემა იყო; დაიწყო გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაც, მაგრამ მხედველობიდან საერთოდ გამორჩათ ის ფაქტი, რომ ტყეს სოციალური და გარემოს დაცვითი ფუნქციაც აკისრია. შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ამდენი ლიცენზიის მყიდველი არსებობს და მოსახლეობაც დაუკმაყოფილებელია. „ყველაფერ ამას მოჰყვა ე.წ. სოციალური ჭრის შემოღება, რაც ტყის დეგრადაციის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. საბოლოოდ, სატყეო რეფორმამ, რომელიც გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემაში გამოიხატებოდა, ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანა. 2005 წლიდან ეკონომიკის საერთო ზრდის ფონზე სატყეო სექტორის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში არ გაზრდილა (წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო) და 2012 წლისათვის მხოლოდ 0.32 %-ს შეადგენდა. გარკვეულწილად შემცირდა პროდუქციის საერთო ღირებულებაც. საბედნიეროდ, 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია და დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელება“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად შეთანხმდება ტყის ახალ კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებსა და მის ძირითად მიმართულებებზე: „ჩვენთვის უცნობია, როგორი იქნება ტყის ახალი კოდექსი, ვინ მუშაობს მასზე. ვიცით, რომ დაქირავებული ჰყავდათ მსოფლიო ბანკის უცხოელი ექსპერტი, რომელმაც რაღაც პროდუქტი შექმნა. მსოფლიო ბანკის ფული არ არის მხოლოდ მსოფლიო ბანკისან საქართველოს მთავრობის ფული, ეს ის თანხაა, რომელსაც მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნები საქართველოს მოსახლეობას აძლევენ. სად მიდის შემდეგ ეს თანხა? მისი ჰაერში გასროლა არ არის მარტივი საკითხი - ამ ექსპერტმა შექმნა პროდუქტი, რომელიც სამინისტრომ არ გვაჩვენა. ამბობენ, ისეთი სამარცხვინო დოკუმენტია, მისი გამოჩენა არ შეიძლებაო, არადა, უფლება გვაქვს, ვიცოდეთ რა წერია ამ დოკუმენტში. პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობა კი იმის გარანტიაა, რომ 1999 წლის მსგავსად კორუფციისათვის ნაყოფიერი ნიადაგის შემქმნელი სატყეო კანონმდებლობა არ მივიღოთ“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი. ტყის ახალი კოდექსის პირველადი ვერსიის გასაჯაროება ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი. tyis kodeqsi წყარო: http://eugeorgia.info/