სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბის სოციალური აქცია სიღარიბესთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად

სენაკის წმინდა ალექსი შიშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა, საკვეების საერთაშორისო დღის და სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორის დღის აღსანიშნავად (17 ოქტომბერი) ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაგეგმა მორიგი აქტივობა. ბავშვებს სურდათ დახმარებოდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.

ეკოკლუბელებმა შეიერთეს გიმნაზიის მე-8 კლასი. ბავშებმა სენაკში მოიძიეს ოჯახი, რომელიც შედგება ოთხი წევრისგან და მათ შორის არის 18 წლის გურამი, რომელიც  ეტლით მოსარგებლეა. ოჯახს უკიდურესად უჭირს. უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ სათანადოდ კვებას, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას.  მოსწავლეთა მშობლების დიდი თანადგომით შეგროვდა საკვები პროდუქტები და თანხა მედიკამენტების შესაძენად. დაიგეგმა ვიზიტი. ამის შესახებ მასპინძელი ოჯახი წინასწარ იყო ინფორმირებული.

გურამთან ეკოკლუბელების შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ბავშვები შეეცადნენ მის გამხიარულებას. დაუსვეს ბევრი საინტერესო შეკითხვა. ისაუბრეს სპორტზე და საყვარელ საქმიანობებზე. მოსწავლეებს გაუჩნდათ ახალი იდეები. სპორტზე საუბრის დროს გაირკვა, რომ სამწუხაროდ გურამი ვერ ახერხებს სპორტული თამაშების ყურებას უტელევიზორობის გამო. ბავშვები გეგმავენ სკოლის ფარგლებში აქციის მოწყობას და გურამისთვის საახალწლო საჩუქრად ტელევიზორის შეძენას. 

(ფოტოები ქვეყნდება ბენეფიციარი ოჯახის თანხმობით).