ნარჩენების გონივრული მართვა რუსთავის N7 სკოლაში

ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები დიდი ხანია მუშაობენ ნარჩენების გონივრული მართვის მიმართულებით და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. ამჯერად უმცროსკლასელებთან ერთად დაიგეგმა საინფორმაციო პერფორმანსის მოწყობა ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე. ეკოკლუბელების აქტიური მუშაობა განსაზღვრავს სკოლაში განწყობას, პრიორიტეტულ მიმართულებებს და ამჯერადაც ერთობლივად განხორციელდა ღონისძიება, რომელსაც მრავალი ადამიანი ესწრებოდა. 

აქტივობა საინტერესო იყო რამდენიმე მიმართულებით: სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების გაერთიანება ხდება საერთო იდეების, მიზნების განსახორციელებლად, იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ასევე აქტივობები ემსახურება არა მარტო სასკოლო საზოგადოების, არამედ თემის ცნობიერების ამაღლებას.

მოედანზე მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა შეფერილობის საკუთარი ხელით დამზადებული ყუთები, ასევე მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი ნივთები, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ გარემოში მიმოფანტულს და მოსწავლეები ამ ნარჩენებს ათავსებდნენ შესაფერის ყუთებში. ეკოკლუბელებმა ხაზი გაუსვეს ნარჩენების დახარისხების და მათი ხელმეორედ გადამუშავების მნიშვნელობას.