წალკის სოფელ გუმბათში მოსწავლეებმა თვითნაკეთი ურნები დადგეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფელში ნაგვის კონტეინერები დალაგეს. ამისათვის მათ ბევრი შრომა დასჭირდათ. რაკი მერიამ ვერ შეძლო ეკოკლუბის თხოვნის დაკმაყოფილება სოფელში ურნების დადგმასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავიანთი რესურსებით და მინიმალური დანახარჯით კონტეინერები დაედგათ. მოსწავლეები პირველ რიგში მერიას შეუთანხმდენ, რომელიც ნაგვის პერიოდულად გატანას დაჰპირდა. მოსწავლეებმა სოციალური ქსელების საშუალებით გააკეთეს პოსტი და მოიძიეს რკინის კასრები. ძველი კასრები ბავშვებს თანასოფლელებმა მისცეს.

სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კასრებს სახურავები გაუკეთა უსასყიდლოდ, მოსწავლეებმა კი გადაღებეს და ცენტრალურ ქუჩაზე განათავსეს 5 ცალი კონტეინარად ქცეული კასრი. შემდეგ მოსახლეობას სთხოვეს, რომ ნარჩენები ძირითადად გამოიტანონ იმ დღეს, როდესაც მანქანა მოვა, (ანუ ყოველ სამშაბათს) რათა კონტეინერები არ გადაივსოს.

ასე მოაგვარა სოფლის სკოლის ეკოკლუბმა ოცი წლის გადაუჭრელი პრობლემა სოფლის მოსახლეობის ჩართულობითა და დახმარებით. რაც მთავარია ეს მოხდა მინიმალური დანახარჯებით.